logo
ENG



"ღამე გონება დავკარგე, დავეცი" - სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურადაც ვერ ესწრება

20 იან 202311:36
3 წუთის საკითხავი
 
"ღამე გონება დავკარგე, დავეცი" - სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურადაც ვერ ესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებს, რადგან "გუშინ ღამე გონება დაკარგა, დაეცა და ძალიან სუსტად გრძნობს თავს".

ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა პენიტენციურის ოქმში დაწერა, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა.

პენიტენციურის ოქმში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს. ასევე, წარმოდგენილია კლინიკა ვივა მედის ოქმიც, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე იგეგმება ქართველი ექსპერტების დაკითხვა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადეს.

* * *

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

 


close დახურვა